სიზმრად ვნახე მოლოდინი,
სიყვარულზე ჩიოდა,
ტანთ ემოსა სინანული
და ცრემლები სცვიოდა.
მიყურებდა დანანებით,
თითქოს გული სტკიოდა,
მიხუტებდა და ვხვდებოდი,
რომ საშინლად მციოდა.
დრო საათში ჩერდებოდა
და წარსულზე ფიქრობდა,
ბედს იღბალი გაურბოდა,
სანამ რამეს იტყოდა.
ნატვრა მთხოვდა ახდენას და
გულთან ახლოს იწვოდა,
მე კი თითქოს აღარ მსურდა,
ის, რაც ადრე მინდოდა.
ვიღაცის ხმამ შემაფხიზლა,
თავისთან რომ მიხმობდა,
შევხედე და მეუცხოვა,
გული მას არ იცნობდა.
კარი უხმოდ გამოვაღე,
ვიღაც შველას ითხოვდა,
იქ კი დამხვდა მონატრება,
დროს ჩემგან რომ მიჰქონდა.
ვიგრძენი, რომ მკერდში გული,
ძველებურად მტკიოდა,
ჩემში პირქვედამხობლი,
სიყვარული ტიროდა.