ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,
კარის-კარ დაწრიალებდა;
ხელს ეპყრა მუხის ფანდური,
ხმა-ტკბილად აწკრიალებდა.
მის საოცნებო ჰანგენში;
ვითარცა სხივი მზიური,
ისმოდა თვითონ სიმართლე
და სიყვარული ციური.
ბევრს აუძგერა იმა ხმამ
გული, ქვად გადაქცეული,
ბევრს გაუნათლა გონება
ბნელ-უკუნეთად ქცეული.
მაგრამ, დიდების მაგიერ,
სად ჩანგმა გაიწკრიალა,
განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა
შხამით აღვსილი ფიალა...
და უთხრეს; შესვი, წყეულო,
ეგ არის შენი ხვედრია,
შენი არ გვინდა სიმართლე,
არც ეგ ციური ხმებია....