ასე საით ჩქარობ ქალბატონო?!
ნეტავ, საით მიქრის გზები?
ფეხებს გაუთელავთ უმოწყალოდ,
ერთდროს სალაღობო ფრთები.
მახსოვს გულის რწმენით ქალბატონო,
ფრთების ფარფატით და რხევით,
ფიქრებს მოისხამდი საბატონოს,
მერე მზეს სწვდებოდი ფრენით.
მერე ოცნებებით ქალბატონო,
ცაში მედიდური მზერით,
მზესთან პაექრობდი თანატოლო,
სწორს ვერ პოულობდი გვერდით.
ახლა მზეც არსად ჩანს ქალბატონო,
აღარც შენ მნათობობ ფერით,
ქუჩებს შერჩენია სამახსოვროდ,
ძველი ოცნებების მტვერი.
ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ქალბატონო,
ახლა სხვა იმედის რწმენით,
სულში სინანულიც აღარ ომობს,
აღარც თვალს გისველებს ცრემლი.
ნეტავ საით ჩქარობ ქალბატონო?!
ნეტავ, საით მიდის გზები?
უფრთოდ, უოცნებოდ, სალაღობოს,
ასეთს რას გპირდება წლები?!.
ნიკოლოზ ღვინიანიძე