უბრალო თვალები მაქვს,
ძალიან უბრალო.
შედარებისთვის, ყავისფერი ლაკის ფეხსაცმლის ფერია.
ადრე ვიღაც ნაცნობმა მითხრა,
რა სევდიანიაო.
არ ვიცი რა იცოდა ჩემი სევდის,
მაგრამ რომ თქვა, კი გამაჟრიალა ზურგზე.
ჩემი თვალები
ერთდროულად უსაზღვრო სიყვარულსა და სასოწარკვეთას იტევს.
თითქოს ყველა სიყვარულს,
დაკარგვის შიში ჰქონდეს შემორტყმული
და ასე იღვრებოდეს ჩემში.
როცა თვალებს ვხუჭავ
ისე ხდება,
რომ მთელი ღამე,
განვლილი დღის კადრების
ჩემეულ ვარიანტს ვუყურებ, სიზმარში.
უბრალო თვალები მაქვს,
ძალიან ჩვეულებრივი,
დილით მარტოობის აღქმა ძალიან უჭირთ
და არ ფხიზლდებიან.