სათნო სულის ქალო, გულით - ნატვრის თვალო, შენში ჩამალულა ფიქრი, როგორ არ გინატრო, როგორ არ გიდარდო... უკვე მემღერები თითქმის... ღამემ ცა იარა, დღემაც გაიარა, სითბოს დაებრაწა სხივი, მზე რომ მოგეფერა, მთვარე გაინაზა, და შენც მდუმარებით „ჰყვირი“... ახლა, შენს თვალებში ზღვაც კი გადმოსულა... ტალღებს ეფერები გრძნობის, შენში სიყვარული ცამდე ამოსულა, წლებიც შეგემოსა ტრფობის. სულო ნამტკივარო, ჩემი ლექსის ენა... ლოცვით მოგაბარე ისევ, უფალს შევავედრე შენი გულისცემა, მისით განათდი და ივსე!.. / შალვა ლონდარიძე