სოფელში...
უცბად ამოდუღდა ლობიო ქოთანში,
მჭადები დააკრა კეცებზე ნელიად.
_ ქალმა უნდა ხნას და თესოსო ოჯახში
ხვავი და ბარაქა – გახსოვდეს ბებია.
ჯორკო აბრიალებს თვალებს ბუხრის ალში,
ბაბუას ულვაშები, ღიმილში შრიალებს,
მოხუცი შვილიშვილებს უზის სუფრის თავში,
თვალებში შემთვრალი ჭინკა უწრიალებს.
ორად გადაკეცა ხელით ხახვის ფოჩი,
მარილში ჩაკრა და ულვაშში ჩამალა.
შამფურზე სიცხისგან დაიწვა გოჭი,
ბებიამ ქოთანში, ქონდარი ჩაყარა.
ძვალიც კი იჭმევა, ჩემი წიწილების –
თქვა და საჩვენებლად ბარკალი გაკვნიტა.
ჭის ჭრიალს შემოყვა ხმაური ჭრიჭინების,
გუგულიც იძახოდა სადღაც, გაღმიდან.
ხაჭაპურს გადმოექცა ჩამდნარი ყველი...
დალოცე სოფელი უფალო, ზეციდან,
ბებიამ თავის დოვლათს გამოჭრა ყელი
და ცხელი მჭადები, არეკა კეციდა