ილია ჭავჭავაძე "საახალწლოდ"
"დაგვიჟინია „შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო“ და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება."
აი ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით რა მოგილოცოთ: წასვლა ძველისა, თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგვიცვნია. წასვლა ძველისა თავის-თავად ბევრი არაფერი სასიხარულოა. პირიქით, სანაღვლელი უფროა. ჯერ იმიტომ, რომ კარგი იყო თუ ავი, მაინც შეჩვეული ჭირი იყო და შეჩვეული ჭირი ხომ ზოგჯერ ქართველისათვის შეუჩვეველ ლხინსა სჯობია. მეორე იმიტომ, რომ ძველი წელიწადი წავიდა და სასიცოცხლოდ მოთვლილ დღეთაგან თვითოეულს ჩვენგანს მოაკლდა მთელი სამას სამოცდახუთი დღე და სამას სამოცდა ხუთი დღით ახლო მიუვედით იმ აუცილებელს სადგურს, საცა შესვლაა დ