დრო ცივი, როგორც სამარე,
ციფრებად აწყობს წლებს,--
წუთს წუთზე ჰყოფს და ხარხარებს,
აკლებს, ამრავლებს, ჰკრებს...
და პასუხს მაინც პოულობს
ყველა კითხვაზე მუდამ,
სულ დრო ამტკიცებს დროულად,
რის დამტკიცებაც უნდა.
მთვარე ივსება, მზე შრება,
ქარი მირეკავს ნისლს,--
დროს არაფერი ეშლება,
დრო ყველაფერს ხსნის.
ხსნის ჩემს ომსა და მშვიდობას,
ცრემლებს, სურვილებს, ფერებს..
რის დამტკიცებაც მინდოდა,
დრო დაამტკიცებს მერე.