Фильтр
ყველაფრის მიღმა

ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად,
ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს,
ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა,
ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ..

ქართული გულით მივდივართ ისევ,
და რადგან ლექსის ვაღმერთებთ რეფრენს,
ზურგით ვატარებთ დაგესლილ ისრებს,
ფეხისგულებით შხამიან ეკლებს...

მზე - ურმის თვალი მაინც მიგორავს,
დაგრძელებულან მწუხრის ჩრდილებიც
და დაწრეტილნი სტრიქონ-სტრიქონად
მამულის მტვრიან გზებზე ვილევით...

ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად,
ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს,
ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა,
ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ...


სოსო ნადირაძე
ხმა საკუთარი გაშინებს მხოლოდ,
კვლავ მოღალატის ფიქრი გაწვალებს,
კი არ გაყიდე დედა და ცოლი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...
ოჯახს გავიწყებს "ლომკები" ხშირი,
და სიძულვილის ტყეში წანწალებ,
კი არ გაყიდე და, ძმა და შვილი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...
ძლივს რომ მიბობღავ მიწაზე ქშენით,
ტკივილისაგან სულ რომ კანკალებ,
კი არ გაყიდე სამშობლო შენი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...
ხმა საკუთარი გაშინებს მხოლოდ,
კვლავ მოღალატის ფიქრი გაწვალებს,
კი არ გაყიდე დედა და ცოლი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...

სოსო ნადირაძე
გარეული ფრინველები

ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...

უჩინარდება დღე უდროულო,
მიმწუხრში მტვრიან თვალებს აცეცებ
და ჩიტისფერი წვიმა პოულობს
ქარში დაფანტულ გულის ნამცეცებს...

ნოტებს ეხები მხოლოდ თითებით,
განიცდი ზარებს დაურეკავებს,
გარს გახვევია წვიმის ჩიტები
და ნაწილ-ნაწილ შენს გულს კენკავენ...

ისევ ბებერი მთვარე აყეფდა,
ისევ გაიხსნა, ისევ გეტკინა,
იმდენჯერ დაგწყდა გული ამ ქვეყნად,
რომ ფეთქავს მხოლოდ წყვეტილ-წყვეტილად...

ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...

სოსო ნადირაძე
ემიგრანტ დედებს


შორს იყოს წყევლა და ანათემა,
ლოცვაში გულგამოხვეულები
ქართველი დედები ანათებენ -
ტაძრებად ქცეული სხეულებით...
და რადგან ეს მიწა ისევ ბრუნავს,
შიშველი მინდვრები გვავალებენ,
სამშობლოს მწვერვალებს დავუბრუნოთ
დედები - ქართული გალავნები...
მთვარე კვლავ ვერცხლისფერ გროშებს ითვლის,
სამშობლოს ეზრდება იარები,
ქართველი დედები დროშებივით
ქარში და წვიმაში ფრიალებენ...
შორს იყოს წყევლა და ანათემა,
ლოცვაში გულგამოხვეულები
ქართველი დედები ანათებენ -
ტაძრებად ქცეული სხეულებით...


სოსო ნადირაძე
წმინდა ნინო

სული ღვაწლით
უფალს მიანებე,
მწყურვალს ვაზის
ჯვარით არწყულებდი,
დღეს კი ვენახები
შრიალებენ,
როგორც ფეხშიშველა
ქალწულები.

სოსო ნადირაძე
  • Класс
Показать ещё